როგორია მარტო ცხოვრება შშმ პირისთვის?
ძალიან დიდი ხნის წინ, ზღვისკენ მოქცეულ ერთ შორეულ ქალაქში, ცხოვრობდა ზმანებასავით მოსული ქალი – ოზერა ელი.
ადამიანებს გვიყვარს ვიფიქროთ, რომ ჩვენს ცხოვრებაზე გვაქვს კონტროლი; ლამაზად ვალაგებთ ხოლმე, რას ვიზამთ დღეს, ხვალ, შემდეგ კვირას, ერთი თუ ათი წლის შემდეგ. ცხოვრება კი პერიოდულად რაღაც მოულოდნელობებს გვიგზავნის, ყირაზე გვიყენებს დაგეგმილს და თითქოს ამგვარად გვახსენებს, როგორი უმნიშვნელოა სამყაროსთვის ეს ჩვენი ლამაზად დალაგებული გეგმები.
იმ დროიდან, რაც დამოუკიდებლად და გააზრებულად დავიწყე ფიქრი, ჩემს წარმოსახვაში ყველაფერი სხვანაირად იყო. მახსოვს, მე და დედა სასტუმრო ოთახის იატაკზე ვისხედით, რომლის თითქმის მთლიანი პერიმეტრი მანამდეც და დღესაც ხალიჩითაა დაფარული. ზაფხული იყო და, ალბათ, საჭორაოდ ყველაზე გრილ ადგილად ეგ გამოდგებოდა. ჩემი ძმა ჯერ დაბადებული არ იყო, ამიტომ ვიქნებოდი ექვსი-შვიდი წლის გოგო და ფანტაზიას კარი ფართოდ და უშიშრად გავუღე – ვფიქრობდი, როცა გავიზრდებოდი და იმ ასაკისა გავხდებოდი, რომ ზღვისპირეთი უნდა დამეტოვებინა, ჯერ ბოლო ზარი და ბანკეტი მექნებოდა, სადაც ულამაზესი, ქვემოთ ფაშფაშა და წელზე გამოყვანილი კაბა მეცმეოდა – აი, ისეთი, ყველასა და ყველაფერს რომ მონუსხავდა; ამის შემდგომ კი თბილისში გავემგზავრებოდი სწავლის გასაგრძელებლად ბებიასთან ან/და დედასთან ერთად. მეგონა, სტუდენტი რომ ვიქნებოდი, სახლში ოჯახი მეყოლებოდა და შეხმატკბილებულად ვიცხოვრებდით. მაგრამ ხომ იცით, ცხოვრება ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ვხატავთ?
გავიზარდე, სკოლაც დავამთავრე, უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, ოღონდ ეს ყველაფერი გეგმისგან სრულიად განსხვავებულად წარიმართა – რაც ზემოთ ჩამოვთვალე, არაფერი მომხდარა. პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა და ამიტომ სკოლის კარი ისე გამოვიხურე, თითქოს არც არასდროს შემიდგამს იქ ფეხი (შეხსენება ყველასთვის – თვალისმომჭრელი კაბის ჩაცმას მაინცდამაინც არ სჭირდება მიზეზები). ამ მოვლენამდე ჩემი ოჯახი მეტად დაპატარავდა – ბებია წავიდა – და დავრჩით სამნი ორფეხები და კიდევ ორნი – ოთხფეხები. ცხოვრება გაგრძელდა თავის რიტმში, მაგრამ ყოფის ახალ, აუტანელ ტკივილთან ერთად.
და ამ დროიდან დაიწყო ცხოვრება, რომელზეც წინასწარ არაფერი ვიცოდი.
მარტო ყოფნა აღმოჩნდა, როგორც არჩევანი, როგორც აუცილებლობა, ხოლო პასუხისმგებლობა – როგორც თავისუფლება, როგორც გადარჩენის ფორმა.
მარტო ცხოვრება ჩემთვის არ დაწყებულა თავისუფლების ძიებით. მისი საჭიროება მაშინ დადგა დღის წესრიგში, როცა სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობდა; როცა ყოველდღიურობაში ვხვდებოდი, რომ სრული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება სცდებოდა არჩევანის საზღვრებს და ყალიბდებოდა ფორმად, რომლითაც ცხოვრება ახალი გზითა და შესაძლებლობებით უნდა გაგრძელებულიყო.
შშმ პირისთვის მარტო ცხოვრება ნიშნავს, რომ ყოველი დღე წინასწარ უნდა გაითვალისწინო, ჩემს შემთხვევაში კი – ენერგია, სმენა, ხედვა, გარემო, ადამიანები. ის, რაც სხვებისთვის სპონტანური და მსუბუქია, ჩემთვის – დასაგეგმია და შედარებით რთულად გასავლელი.
ზოგჯერ მგონია, რომ ის ექვსი წლის გოგონა, დედასთან ერთად რომ ოცნებობდა, დღესაც გაოცებული მიყურებს. მან ხომ არ იცოდა, რომ ფაშფაშა კაბაზე მეტად მას ის სიმტკიცე დაამშვენებდა, რომლითაც დღეს საკუთარ, არაპროგნოზირებად სამყაროს აშენებს.
დიდი გადაბარგება ფოთიდან თბილისში
2022 წლის 19 აპრილს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დავიძარი 1 დიდი მწვანე ჩემოდნით, ბალიშჩატენილი პარკითა და ზურგჩანთით. სანამ რკინიგზის სადგურამდე წავიდოდი, მეზობელმა გადამკოცნა და გამაცილა. დედა უკვე სამსახურში იყო, დილის 7-ზე.
საცხოვრებლის და, ზოგადად, მთელი ცხოვრების შეცვლის ამბავი სპონტანური იყო, ვინაიდან აუდიტორული სწავლის განახლება შუა სემესტრში გვამცნეს. ამიტომ ბევრი დრო არ გვქონდა მე და დედას და მოქმედება (ცხადია, ნერვიულობის ფონზე) ვარჩიეთ. ყველას, ვისაც კი ვიცნობდით, ვუკავშირდებოდით და ვეკითხებოდით, 2,5 თვით ხომ ვერ შემიფარებდნენ, სანაცვლოდ კომუნალურებსა და საკვებში შევეზიარებოდი, თუმცა ამაოდ. ყველასგან უარი მივიღეთ, მათ შორის – დედაჩემის ბიძაშვილისგან, ჩვენი პატარა ოჯახის ერთადერთი შემორჩენილი ნათესავისგან.
მაშინ მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ სწავლას არ/ვერ მივატოვებდი და საცხოვრებლის ძებნა ჯიუტად გავაგრძელე. 3 თვის განმავლობაში სულ 500 ლარამდე მქონდა შეგროვებული სხვადასხვა ფრილანს სამუშაოს შედეგად და გადაწყდა, რომ ცალკე ოთახს ან ვინმესთან ერთად მაინც ვიქირავებდი. დავიწყე ყველგან პოსტვა – ჩემს პირად პროფილზე, ჯგუფებში. თუკი რამე გამოჩნდა, ბიუჯეტით ვერ ვწვდებოდი.
ამ პროცესში ყველაზე მწარე მაინც ერთი შემთხვევა იყო: რომ მეგონა, ვიპოვე დასარჩენი და დეტალებს ვათანხმებდით, აღმოაჩინეს რა, რომ თურმე სმენადაქვეითებული მდგმური არ უნდოდათ, ოღონდ რატომ – დღემდე ვერ ამომიხსნია. იმ საუბრის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო და ძიებას დავუბრუნდი.
უკვე სასოწარკვეთილების პიკზე მყოფს გამახსენდა, რა იქნებოდა, რომ ვინმესთვის დახმარება მეთხოვა და უხილავ რქებსა და სიჯიუტეს ცოტა ხანი შევშვებოდი?
ფეისბუქზე ჩემს ონლაინ ნაცნობს მივწერე, თავის მხრივ, მან – თავის მეგობარს და ამგვარად გავიცანი სალო სამუშია და მოგვიანებით – თ.ქ. ყველაფერი მართლა თვალის ერთ დახამხამებაში მოხდა და გაცნობა-მოლაპარაკებების შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს უკვე თბილისში მელოდა თ.ქ.
სხვისი კედლების მოშინაურება – შეჩვევის ანატომია
I
სადგურის მოედნის ბაქანზე ფეხი დავდგი 2022 წლის 19 აპრილს. თ.ქ. უკვე მელოდა გარეთ. კაბა ეცვა და ფერიას მაგონებდა, გზაში დამიზუსტა, რომ აქედან სახლამდე ახლა დიდი გზა მოგეჩვენება, მაგრამ მეტრომდე ფეხით სასიარულოდ 5-6 წუთიაო.
თ.ქ.-მ თავისი სახლი 2.5 თვით სრულად უსასყიდლოდ დამითმო და კომუნალურებიც არ გადამახდევინა, მიუხედავად იმისა, რომ გადახდა შემეძლო. მახსოვს, როცა მივედით, მომიბოდიშა, დასალაგებელი სახლი დაგახვედრე, მაგრამ ამა და ამ მიზეზით სხვანაირად ვერ შევძელიო. ჩემთვის კი ჩავიფრუტუნე, დალაგება როდის მერე შემაშინებდა ადამიანს, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა წარსულში.
ცოტა ხანს ვილაპარაკეთ, გასაღები ჩამაბარა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
იმ წამიდან ოფიციალურად დაიწყო ჩემი უთავბოლო თავგადასავალი ბეტონის ჯუნგლების ქალაქში.
იმავე დღის საღამოს დავიკარგე; არც მეტი, არც ნაკლები — სახლისკენ მიმავალ გზაზე დავიკარგე! ბედ-იღბალი ხანდახან იცვლის პოლუსებს და ჩემი ტელეფონი ზუსტად იმ წამს გაითიშა, როცა სახლის მესაკუთრეს ვწერდი დახმარებაზე. რაღა მექნა? კარფურიდან ვბრუნდებოდი და თეთნულდის მთელ ქუჩაზე თან მივათრევდი სახლისთვის ნაყიდ საწმენდ საშუალებებს, ჩემთვის – წიწიბურას. დავბორიალობდი წინ და უკან, აღმა-დაღმა. ხან ვის ვკითხე, ხან – ვის. ბოლოს იმედგადაწურული ქვაფენილზე ჩამოვჯექი და უნდა ავტირებულიყავი, როცა ვიღაც უცნობი ქალის ჩრდილი გადამეფარა.
უცნობს ნინო ერქვა. ჩამკიდა ხელი და ჩემს დროებით სახლამდე წამებში მიმიყვანა, თან თავისი ნომერი ჩამაწერინა. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ სწორად ვიქცევი ცხოვრებაში, როცა ჩანთით მუდამ დამაქვს ბლოკნოტი და კალამი. რა იცი, როდის დაჯდება ტელეფონის ელემენტი?!
დაკარგვის შემდეგ საკუთარ თავს დავცინოდი და მომდევნო დღეებში ვთავაზობდი წითელი ძაფის გაბმას ქუჩებში, რათა შინ მისასვლელი გზა აღარასდროს ამრეოდა. რეალურად, იმიტომ ავირიე, რომ იმ უბანში რამდენიმე შესახვევი იყო და ვეღარ გავიხსენე. რომელი მჭირდებოდა.
სახლის ძირფესვიანად დალაგებას, მოწესრიგებასა და ავეჯის გადაადგილებას დაახლოებით 1 კვირამდე მოვუნდი. იმავე დღეებში მაგდანამ, ეკამ, ნინამ იფუსფუსეს, საჭირო და აუცილებელი რაღაცები, როგორებიცაა ტაფა, ქვაბი, თეფშები მიწილადეს, რომლებსაც, გაგიკვირდებათ, მაგრამ ახლაც ვიყენებ, რადგან სულ თითო-ოროლა რაღაცები შევმატე ჩემს სახლურ საგანძურს (უფრო მეტად წვრილმან რაღაცებს ვზიდავ სახლში. მაგალითად, 2 წლის წინ ვარკეთილის ბაზრობაზე შესაშური საცერი და ცომის მწვანე ფერის გასაბრტყელებელი ვიყიდე).
1 თვის განმავლობაში ადაპტაციის პერიოდი მქონდა გარემოსთან, ახალ სახეებსა (თუნდაც ხილ-ბოსტნეულის გამყიდველთან) და შესაძლებლობებთან. ვსწავლობდი მარტო ყოფნას – როგორ გამენაწილებინა დრო, რომელი საქმეები იყო პრიორიტეტული, როგორ უნდა მეკონტაქტა მეზობლებთან, რა წესები არსებობდა ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქში, რა ტრანსპორტი და დრო მჭირდებოდა უნივერსიტეტამდე.
გასარეცხი ტანსაცმელი და საწოლის თეთრეული რამდენიმე ადგილას დამქონდა, მაგრამ, უპირველესად, ჩემს კურსელ-თანამშრომელთან, ეკასთან, რომელიც ვარკეთილში ცხოვრობს. ავკრეფდი ყველაფერს, ჩავტენიდი გამძლე პარკში და მეტრო-ავტობუსის კომბინაციით გადამქონდა წინ და უკან. თუ მისი შეწუხება უკვე მომერიდებოდა, იქვე, უბანში გაცნობილ უცხო ოჯახს ვთხოვდი დახმარებას. მახსოვს, ერთხელ ჩემს ძველ ნაცნობთანაც გამირეცხია, რომელიც თურმე ქუჩის საპირისპირო მხარეს ცხოვრობდა (შემთხვევით გადავწყდით ერთმანეთს ქარვასლაში). სახლის მეპატრონესთანაც გამირეცხია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომ თუ ვინმეს ჰგონია, მარტო ცხოვრება მხოლოდ რომანტიკული დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის პოვნაა, ძალიან ცდება. მარტო ცხოვრება, პირველ რიგში, არის იმის გარკვევა, თუ თბილისის რომელ წერტილშია დღეს თავისუფალი სარეცხი მანქანის დოლურა და კეთილი ნება.
იმ პერიოდში ჩემს ტანსაცმელს ჩემზე დიდი საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდა – იმაზე მეტი უბანი, სახლი და მეტროს სადგური ნახა, ვიდრე მე ჩემი ცხოვრების პირველ წლებში. ვარკეთილიდან სადგურამდე და პირიქით ჩემი შარვალ-მაისურები თბილისის საუკეთესო გიდები გახდნენ, ჩემი ლოჯისტიკა კი იმდენად დახვეწილი იყო, გამოცდილ კურიერებსაც შეშურდებოდათ.
ჩემს CV-ის უნარ-ჩვევებში თამამად შემეძლო ჩამეწერა: „ვფლობ სარეცხი ფხვნილის სანაცვლოდ ადამიანების გულის მოგების უნიკალურ ტექნიკას“. ფაქტობრივად, ჩემი ადაპტაცია ამ ქალაქში არა უნივერსიტეტის აუდიტორიებში, არამედ სხვის სარეცხ მანქანებთან შეხმატკბილებული მოლაპარაკებებით დაიწყო.
მაგრამ თუ სხვისი სარეცხი მანქანის დოლურას კვირაში ერთხელ მაინც მიაგნებ, მარტო ცხოვრების კიდევ ერთი მთავარი ატრიბუტი – მაცივარი – ისეთი ნივთი აღმოჩნდა, რომელსაც ზურგჩანთით ვერაფრით გადაათრევდი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში.
თანაც, ჩემი დროებითი თავშესაფარი კერძო სახლი იყო, სადაც არანაირი აივანი და ფანჯრის რაფა არ მეგულებოდა, რათა ბუნებრივი სიგრილით მაინც მესარგებლა. ამიტომაც ჩემი ყოველდღიურობა გადავიდა სრულ ექსპერიმენტზე, რომელსაც ერქვა – „გამოცადე ადამიანის ორგანიზმის გამძლეობა“.
მაგალითად, ისეთ მალფუჭებად პროდუქტებს, როგორებიცაა რძე და კვერცხი (რა მექნა ან რა ვქნა, ყურებამდე მიყვარს), მთელი ერთი კვირა... უბრალოდ ჩვეულებრივ კარადაში ვინახავდი! ღმერთო ჩემო, ახლა რომ ვიხსენებ, რა დრო გამოვიარე, მეცინება კიდეც და თან მიკვირს, როგორ გადავურჩი ელემენტარულ მოწამვლას. ყოველი ჭამა პატარა აზარტულ თამაშს ჰგავდა, სადაც ყოველ ჯერზე ფორტუნა ჩემს მხარეს იყო.
ძირითადად კი მაინც ისეთ და იმდენ რამეს ვამზადებდი, რასაც მალევე ვავლებდი მუსრს – ერთჯერად სუპებს, კარტოფილს, სალათას, მაკარონს. თუმცა იყო დრო, როცა არ მქონდა ფინანსური რესურსი და 2 დღემდე მშიერიც დავდიოდი; და იყო ისეთი დროც, როცა კიტრისა და პომიდვრის ყიდვა მერიდებოდა, რადგან საზოგადოებაში გაბატონებულ სტიგმას – სტუდენტისთვის ეს რაღაც ფუფუნების საგანია — ვებრძოდი.
ეს საწყისი ეტაპი აღმოჩნდა უმკაცრესი გაკვეთილი იმისა, თუ როგორ უნდა დაიმკვიდრო თავი სამყაროში, რომელიც შენს ზომაზე არავის გამოუჭრია, მაგრამ შენ მაინც ჯიუტად აგრძელებ მასში საკუთარი, ხელშეუხებელი მარშრუტების გაკვალვას.

II
იმ პირველ, უფასო თავშესაფარში ზუსტად ორ-ნახევარი თვე დავყავი – ისე, რომ არც სარეცხი მანქანა მიყიდია და არც მაცივარი. თუმცა იმავე წლის მაისში ჩემს ცხოვრებაში პირველი ნამდვილი გარდატეხა მოხდა: პირველად ვიმუშავე წიგნების ფესტივალზე. როცა ჩემი პირველი გამომუშავებული ჰონორარი ხელში ავიღე (მგონი, 100 ან 150 ლარი იყო), რაციონალური ნივთების ყიდვის ნაცვლად, წავედი და ჩემი პირველი ტატუ გავიკეთე. მაჯაზე დავიხატე მწვანე ფერის სამკუთხედი სიმბოლოდ იმისა, რომ რაც გონებაში შედის, გონებაშივე რჩება სამუდამოდ.
ფესტივალზე აღმოვჩნდი ჩემი სიჯიუტის გამოვლინებით. მაისში გამომცემლობა დიოგენეს მივწერე, ავუხსენი სიტუაცია და შევთავაზე ჩემი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი. მერე რა, რომ მომხმარებლებთან აქტიურ დიალოგს ვერ გავაბამდი და ვერ გავიგებდი, რას იკითხავდნენ. მუშაობის არეალი მხოლოდ ამით ხომ არ შემოიფარგლება?! ამგვარად, საფესტივალო დღეებში ვალაგებდი და ვასწორებდი წიგნებს, ვბეჭდავდი ქვითრებს, პარკებში ვაწყობდი შეძენილ ნივთებს, ვჭრიდი სტიკერებს და, რაც მთავარია, ვიღიმოდი, ოღონდ მთელი გულითა და ბედნიერებით.
იმავე თვეს აწ უკვე ჩემმა ძველმა ნაცნობმა შემომთავაზა სამუშაო და საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დავიწყე დამსკანერებლად მუშაობა. სამუშაო პროცესი მოიცავდა წიგნების დასკანერებასა და მათი PDF ფაილების შექმნას. სიმართლე ითქვას, უცხო არაფერი ყოფილა, რადგან იგივე საქმე ტელეფონითაც გამიკეთებია არაერთხელ. უფრო მეტად რუტინული და მონოტონური საქმიანობაა, რომელიც სისწრაფეს მოითხოვს, რადგან რიგში ათობით წიგნი დევს და თითოეული ოხრავს, ისე ეჩქარება, რომ ციფრულ ვერსიად იქცეს.
ბიბლიოთეკაში 1,5 თვე გავატარე. ბოლოს გამომიშვეს, რადგან ჩემი ცუდი მხედველობა (სინამდვილეში – ატროფირებული თვალები) დამსაქმებლისთვის შემაფერხებელი აღმოჩნდა. მიზეზი სრულიად გასაგები და მისაღები იყო, ოღონდ არა ის კომუნიკაცია ერთ-ერთი პირისგან, რამაც გული დამწყვიტა და ადამიანზე გული ამიცრუა.
თუმცა ამბის ასეთი დასასრული ივლისში მოხდა. მანამდე კი იყო ივნისი – თვე, როცა ჩემი ცხოვრება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე აფეთქდა. იყო სასწავლო წლის ბოლო, საგამოცდო ციებ-ცხელება, ბიბლიოთეკის რუტინული გრაფიკი და იმის გაცნობიერება, რომ უფასო თავშესაფრის 2.5-თვიანი ვადა იწურებოდა. გამოცდების პარალელურად, სრულიად პანიკურ რეჟიმში დავიწყე ახალი ბინის ძებნა და ყველას შეწუხება. სწორედ ამ ქაოსის შუაგულში გამოჩნდა კეკელიძის ქუჩა...
კეკელიძის ბინას, ალბათ, ცალკე ბლოგიც ეკუთვნის, მაგრამ ახლა მოკლედ ვიტყვი: იმ სემესტრში გავდიოდი მარიამ ჭანჭალეიშვილის საგანს – „შესავალი ფემინისტურ ნააზრევში“. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყოს ადამიანი, რომ უცხო ლექტორსაც ჰკითხოს, – შემთხვევით ხომ არ იცით, ვინმე აქირავებდეს ბინას.
მარიამისთვის კითხვა საბედისწერო აღმოჩნდა. სწორედ მისი დახმარებით აღმოვჩნდი კეკელიძის ბინაში, რომელშიც ოდესღაც თავადაც ცხოვრობდა. ასე რომ, ერთმა სახლმა ორი უცხო ადამიანი სამუდამოდ დაგვაკავშირა და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენ-ჩვენი მოგონებებიცა და ნოსტალგიაც. გარდა საერთო სახლისა, მე და მარიამს კატებიც გვაკავშირებს. იმავე წელს მისთვის ყველაზე ძვირფასი მანდო — მეი (მეიკო, მეიკი), კატა, რომელსაც დღემდე არ ვეპიტნავები გულზე (ვეჭვობ, არა მხოლოდ მე, უამრავი სხვა ადამიანიც). შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა გასცდა ლექტორ-სტუდენტის ჩარჩოებს და გადაიზარდა უფრო დიდ კავშირად.
ბედის ირონია თუ იღბლის პოლუსების მორიგი ცვლა იყო, არ ვიცი, მაგრამ სახლის მეპატრონე ზუსტად იმ თვეში ჩამოვიდა საქართველოში. შევხვდით, ვისაუბრეთ და მოვრიგდით. და აი, 1 ივლისს, როცა ბიბლიოთეკის დამსკანერებლის რუტინული დღეებიც დასასრულს უახლოვდებოდა, კეკელიძის ქუჩის საოცნებო, საუცხოო ბინაში გადავედი. ჩემს ახალ კედლებში ვიდექი და თავადვე არ მჯეროდა, რომ ეს რეალობა იყო. იმ ღამით ვერ დავიძინე. ვიწექი უშვებელ საწოლში და თავი პრეზიდენტის აპარტამენტში მეგონა. თუმცა ამ დიდ გამარჯვებასთან ერთად წინ კიდევ უფრო რთული და დატვირთული ეტაპი მელოდა...
არ გეგონოთ, რომ კეკელიძის ბინას რაიმე განსაკუთრებული რემონტი (აქვე ვიტყვი, რომ არ ვარ მაღალი ფენის ოჯახიდან. ჩვენს სახლშიც არ გვაქვს რემონტი და, იმედია, ოდესმე იმდენი შემოსავალი მექნება, რომ ჩამოხეული შპალერი შევცვალო, იატაკი დავაგო და დედას, ერთადერთ მშობელს, კომფორტი შევუქმნა) ჰქონდა და მაგიტომ მენატრება დღემდე. არა, პირიქით! თეთრი კედლები, ძველებური ავეჯი (კარადა, კომოდი, დივანი), პორტატიული გაზქურა და მთავარი – მაცივარი, სარეცხის მანქანა!
კეკელიძის ბინის ელფერი ბევრი რამ იყო, მათ შორის – მაღალი ჭერი, მზით გაჟღენთილი კედლები, მინიმალისტური ინტერიერი და... აივანი. აივნები მიყვარს. თავადაც აივნიანი ბუნაგიდან ჩამოვედი და მიჩვეული ვარ, რომ ტანსაცმლის გაფენა ყოველგვარი აკრობატული და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ილეთების გარეშე შეიძლება.
აბაზანა, სამზარეულო და ერთი დიდი ოთახი, სადაც საძინებელიც, სამუშაო სივრცეცა და სტუმრის ადგილიც ერთად იყო მოქუჩებული.
ცხადია, ყველაფერში შეიძლება მინუსის პოვნა ისევე, როგორც ჩემს თვალებში. ამ ბინასაც ორი „ნაკლი“ – აივანი სავალალო მდგომარეობაში და რთულად ჩასაკეტ-გასაღები შემოსასვლელი კარი (ხანდახან შურდულივით გავვარდებოდი მე-7 სართულიდან, კარს დავეტაკებოდი და ისე ვაღებდი) ჰქონდა, რომლებსაც აინუნშიც არ ვაგდებდი.
აივნიდან ანძა მოჩანდა, რომელიც 1 თვის განმავლობაში მანათობელი კორპუსი მეგონა.
2023 წლის აპრილის ერთ დილას შემოსული მესიჯი დამხვდა whatsapp-ზე. მეპატრონე მწერდა, რომ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა და სახლის დასაცლელად ერთი თვე მქონდა. თბილად ამიხსნა სიტუაცია და მისი აბსოლუტურად მესმოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა – ჩემი საოცნებო კედლებიდან ისევ ჭერის სამძებრო სამუშაოებზე უნდა გავსულიყავი. იყო ტირილი, რომელსაც მალევე მოჰყვა სრული პანიკა.
პირველი რამდენიმე დღე უაზრობაში გავატარე. შემდეგ, რაკიღა დრო მე არ დამიცდიდა, მოფართხალე თევზის კუდივით ხელი გავიტყლაშუნე ლოყაზე და გადავედი მოქმედებაზე. მოვიარე უძრავი ქონების ყველა საიტი, ფილტრები მოვარგე ჩემს ინტერესებს და გადავეშვი მტანჯველ პროცესში.
ბაზარმა ცივი წყალი გადამასხა: თუ კეკელიძის ბინაში ყოველთვიურად 450 ლარს ვიხდიდი, ახლა კი, რაც ყველაზე მინიმალური და წესიერი პირობებით გამოჩნდა, 700 ლარი ღირდა. ეს ჩემი ბიუჯეტის სრულ გარღვევას ნიშნავდა. საბოლოოდ, ვიპოვე ბინა, რომელშიც დღემდე ვცხოვრობ. სიმართლე ვთქვა, ეს ბინა არ მიყვარს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ თავზე ჭერი მაქვს, უფრო სწორად, გვაქვს – მე და ჩემს აგათას (კატა).
მიყვარდა, ძალიან მიყვარდა კეკელიძის ბინა. უსაშველოდ მენატრება დღემდე.
ზოგს კი სახლის სევდა დააქვს მხრებით.
ჩემი ძილისწინა წამებიც ხშირად ამ ფიქრებს მიაქვს – წარმომიდგენია, როგორი იქნება ჩემი საკუთარი სახლი და ვცდილობ, დავინახო დრო, როცა შევძლებ ამ ყველაფრის რეალობად ქცევას.

III
ახალ კედლებთან შეგუება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე პირველად, ფოთიდან ჩამოსვლისას. კეკელიძის მზიანი აივნის შემდეგ, აქაურობა უსიცოცხლოდ მეჩვენებოდა. თანაც, 700-ლარიანმა ქირამ ჩემი ფინანსური მდგომარეობა სრულად ამოაყირავა და იმ რეალობის წინაშე დამაყენა, რომ გადარჩენისთვის იმაზე მეტი უნდა მეშრომა, ვიდრე ჩემს ორგანიზმს ფიზიკურად შეეძლო. ახალი კოშმარი ძველი, საბჭოური მაცივარი იყო, რომელიც, მგონი, სიმაღლეში 1 მეტრისაა მხოლოდ და საყინულე მტევნისხელა აქვს.
ბინის ქირაობა ძვირი დამიჯდა. წინასწარ 2 თვისას გადავიხადე. უფრო ზუსტი იქნება, რომ ვთქვა, ჩემმა ნაცნობმა დამეხმარა და გაურკვეველი ვადით თანხა მასესხა, რომელიც დღემდე დასაბრუნებელი მაქვს.
საბოლოო ფსიქოლოგიურ გადაბარგებას საკმაო დრო დავუთმე. მაისის ბოლომდე ხანდახან ავდიოდი კეკელიძის ბინაში, ვჯდებოდი სამზარეულოში და შორეულ ფიქრებში ვქრებოდი. მიუხედავად ამისა, ჩემი ნივთები რამდენიმე დღეში სრულად გადავიტანე და სახლიც მივალაგე: სადღაც მაგიდის ნათურა შემოვდე მაგიდის ნაცვლად, რადგან ჯერ არ მქონდა; მწვანე ფარდები ჩამოვკიდე; ჭურჭელი და სურსათი შევაწყვე კარადებში. ამ ყველაფერს დიდი დრო არ წაურთმევია. გამოცდილება ხომ უკვე მქონდა?!
მახსოვს, ფუსფუსის, წინ და უკან ბოტაობის შემდეგ, დღის ბოლოს ჩამოვჯექი და ჩემს ძალიან კარგ ნაცნობს, ქეთის მივწერე, ასე და ისე ვქენი-მეთქი. მაქო სიყოჩაღისთვის და ბოლოს მეუბნება, ახლა ჩადი და ყველი იყიდე, თანხას მე მოგცემო. ზუზუნ-წუწუნსა და თავის ქნევას ოსტატურად აუვლო გვერდი და ჩემს ახალ სახლში ყველი მაინც გააჩინა.
ამ სახლში გადარჩენას რამდენიმე სამსახურის შეთავსება სჭირდებოდა. ვმუშაობდი ონლაინ, უფრო დატვირთულად და პარალელურად დავიწყე დამატებითი საქმე – კატების ძიძობა ანაზღაურებით. მაგრამ ჩემი მთავარი თერაპია და გადარჩენა ზუსტად ეს ოთხფეხები გახდნენ. ოღონდ, როცა დღეში 24 საათი არ გყოფნის, სადღაც რაღაც აუცილებლად გაირღვევა. ჩემს შემთხვევაში ეს უნივერსიტეტი აღმოჩნდა...
ცუდი სტუდენტი არასდროს ვყოფილვარ. ლექციებზე არსიარულის მიუხედავად, მასალას ვითვისებდი დამოუკიდებლად და თუკი რამე გაუგებარი იყო, წიგნებს ხელახლა ვკითხულობდი და დიად გუგლს მივმართავდი. არადა ძალიან მინდა, მეც თავისუფლად შემეძლოს ლექციების მოსმენა და ლექტორებთან მუსაიფი.
თავიდან ერთდროულად 4 საგანი ჩამრჩა, თან ისეთები, მზესუმზირასავით რომ იკნატუნება, იმ სემესტრში მწარე გამოცდილება მივიღე, რომელმაც 2 საათი გაუჩერებლად მატირა. დეკემბრის ბოლოს პრეზენტაცია მქონდა. მეც, როგორც ყოველთვის, სლაიდები პერფექციონიზმის უზადო გამოვლინებით ავაწყვე და დილაუთენია ჭავჭავაძისკენ გავეშურე. ჩემი რიგი რომ მოვიდა, ლექტორსაც და სემინარისტსაც შევახსენე, სმენადაქვეითებული პირი ვარ და კითხვები/სათქმელი რომ დამიწეროთ-მეთქი. თავი დამიქნიეს.
რა დროსაც მოვრჩი თხრობას, ლექტორმა დაიწყო ლაპარაკი და იმ მომენტში მეჩვენებოდა, რომ აღარასდროს ამოწურავდა სათქმელს. უხერხულად ვიდექი და შინაგანად ვირწეოდი. მინდოდა, იქიდან გავმქრალიყავი.
ცოტა ხანში სტუდენტებიდან ვიღაც გამოჩნდა და მესენჯერზე მომწერა, ამას და იმას გეკითხებაო. ოდნავ ამოვისუნთქე და ჩემთვის დასმულ კითხვებს, რომლებიც არც ყურებითა და არც გონებით არ მესმოდა, ვუპასუხე.
სხვათა შორის, 13/15 ქულა მივიღე. ფინალურ გამოცდაშიც თითქმის უმაღლესი – 38/40. თუმცა მაღლივში ყოფნისას ყველანი ისე ვღელავდით, რაც ვიცოდით, ეგეც გაედინებოდა გონებიდან. წინა ნაკადში ბევრმა დაბალი ქულა მიიღო და ხელახლა გადიოდნენ გამოცდაზე. აბა, როგორია, ამ დროს არ ინერვიულო?!
პრეზენტაციის შემდეგ ავტირდი და კვლავ ამაოების ბაზარზე აღმოვჩნდი. იმ დღეს იმ ლექტორის დახმარებით გავიაზრე, რომ მხოლოდ ადამიანის ერუდიცია არაფერს იძლევა, თუკი არ აქვს ემპათია და შინაგანი კულტურა.
სწორედ ამ გარემოს უხეშობამ და სისტემურმა გულგრილობამ გამოიწვია ის უდიდესი წნეხი, რომელსაც ნელ-ნელა კიდევ რამდენიმე საგნის ჩარჩენა (დაბალ ქულებზე არ დამიხურავს, უბრალოდ ვერ ვესწრებოდი) მოჰყვა. ქვეყანაში, სადაც გარემო შენზე არ არის მორგებული, ყოველი ნაბიჯი ხელოვნური ბარიერია. როცა მივხვდი, რომ ამდენ ფრონტზე – მუშაობაზე, კატების ძიძობაზე, წელებზე ფეხის დადგმასა და მოუმზადებელ საგანმანათლებლო სისტემასთან ჭიდილში – ძალები საბოლოოდ გამომელია, საკუთარი თავის გადასარჩენად უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე.
ამ ყველაფრის პარალელურად, ჩემი ფიზიკური გარემოს ხელახლა შენება მაინც დავიწყე. პირველი ნაბიჯი 2024 წელს გადავდგი, როცა მესაკუთრის თანხმობით, სახლის კარი სრულიად მარტომ შევღებე მწვანედ. ეს იყო ჩემი პატარა მანიფესტი – ნიშანი იმისა, რომ ამ კედლებს შიგნით მაინც ჩემს საკუთარ, მყუდრო სამყაროს ვაშენებდი. მოგვიანებით, უკვე 2025 წელს, ნელ-ნელა, მოკოწიწებული თანხით, ის მოცუცქნული და სუსტი მაცივარიც წესიერით შევცვალე. ვიყიდე ნორმალური საწოლიც, რათა წელისა და ხერხემლის მუდმივი ტკივილი როგორმე შემემსუბუქებინა.
ცხადია, ასეთი დიდი შენაძენი ბევრ ფიქრსა და აწონ-დაწონას მოითხოვდა. მაგალითად, კარი 3-ჯერ შევღებე, ვინაიდან პირველ ორ შემთხვევაში სასურველი ტონი და გლუვი ზედაპირი ვერ მივიღე. ამ ამბის ეპიკური ნაწილი ისაა, რომ ამის გაკეთება მაინცდამაინც მაშინ მომინდა, როცა საბურთალოზე 1 კვირა წყალი არ გვქონდა. სამღებრო სპეცოპერაციისთვის რჩევა-დარიგებები ჩემი ახლობლისგან, ანისგან მივიღე. ანი „ჩემი სტუდენტი“ იყო – უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ, ფაქტობრივად, ეგრე გამოდის. ოდესღაც ინტერიერის დიზაინერთან ვმუშაობდი ქოფირაითერად, სასწავლო კურსის კურატორ-მენეჯერად და იქ გადავიკვეთეთ ეს ორი გიჟქალა, ზოდიაქოთი ორივე თევზები.
2025 წლის იანვრიდან მოულოდნელად დამეწყო წელისა და ხერხემლის ტკივილი. დილით ადგომა შემჯავრდა – ვერ ვწევდი სხეულს საწოლიდან. სულ ხოხვა-ხოხვით ჩამოვდიოდი და მერეც საათები მჭირდებოდა, რომ მოძრაობის თავისუფლება აღმედგინა. იმ პერიოდში ორი ძველებური საწოლი ერთმანეთთან მქონდა მიტყუპებული და ზედ ლეიბები მეგო, რომლებიც უკვე გვარიანად დეფორმირებული იყო და შორიდან მთვარის კრატერებს მოგაგონებდათ.
ვეძებე და მივაგენი „იაფ ადგილს“. დაახლოებით 290 ლარად ვიყიდე საწოლი და დავუმატე მატრასი. სანამ მოიტანდნენ, გუგლში შეფასებები წავიკითხე (არადა, წესით, ეს ხომ სულ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს და მერე შეკვეთა!) და გული შემიწუხდა – ყველა უარყოფით გამოცდილებას აზიარებდა. რა გასაკვირია, მაგრამ გამონაკლისი არც ჩემი შემთხვევა ყოფილა – დადგენილ ვადას გადააცილეს და დელიკატურად ვეჩხუბე. ფულის განიავება რომ მნდობოდა, ხომ ისედაც გავატანდი ნიავს მე-5 სართულიდან?!
იმავე წლის ივლისში რომ ძალიან შემაწუხა სიცხემ და იმ ფაქტმა, რომ მალფუჭებად პროდუქტებს ვერ ვყიდულობდი/ვინახავდი 2-3 დღე მაინც, არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი – ან მაცივარი, ან კონდიციონერი. მე, ზოგადად, ზამთრის ადამიანი ვარ – სიცივე იყოს დუნიაზე და ხმას არ ამოვიღებ. ამიტომ მარტივად შეძლებთ წარმოდგენას, როგორ მიჭირს ზაფხულის ბოგინის ატანა.
რაკიღა სექტემბრამდე 1 თვეღა რჩებოდა, კონდიციონერი ამოვშალე სიიდან და თავი ვინუგეშე ბრტყელ-ბრტყელი შეგონებებით. ასე და ამგვარად, ჩემს სახლში ახალი მაცივარი გაჩნდა, რომელიც თავად მივათრიე სამზარეულომდე.
დღესდღეობით დაუბრკოლებლად ვინახავ მაცივარში ერთ ქილა რძეს, მოხარშულ ბრინჯსა და ახალგაზრდა ლობიოს.

IV
2025 წლის ნოემბერში, ზუსტად მაშინ, როცა ყოფითი ნივთები ოდნავ მოვაწესრიგე, სახლი დაიტბორა. საღამოს 5 საათზე საქმეებზე გავედი, 7-ზე დავბრუნდი და შინ ტრაგიკომიკური ფილმის ჩვენება დამხვდა. წყალმა ქვედა მეზობელიც ჩარეცხა, რასაც, რა გასაკვირია, დაზიანებული კედლები, ამობურცული ლამინატი, სტრესი, ტირილი და ქვედა მეზობელთან კონფლიქტი მოჰყვა. ეს ყველაფერი კი დაემთხვა ჩემს ვიზიტს ექიმთან თმის ცვენის პრობლემაზე, სადაც ერთიანად მომაჩეჩეს ახალი დიაგნოზებიც – თმის ტელოგენური ცვენა და სებორეული დერმატიტი – და ძვირადღირებული შამპუნების გრძელი სიაც.
იმ საღამოს ეპოპეა ვერც მეხსიერების დაკარგვის შემდეგ დამავიწყდა. კარი რომ გავაღე, კი არ შევედი, არამედ შევცურე. მთელ ბინაში წყალი მოჩუხჩუხებდა. აბაზანაში ცენტრალური საკეტი გასკდა. ძველი იყო, როგორც დავადგინეთ, მაგრამ მე ის ვერ გამიგია, რაღა მაინცდამაინც მაშინ ამოიფრქვა ვულკანივით, როცა მე გასული ვიყავი. ნუთუ, ვერ დამიცდიდა?!
საშველად მეზობელს მივმართე. ნელ-ნელა ნახევარი სამეზობლო შეიკრიბა და მიდიოდა ბჭობა. ზოგი ერთმანეთში ლაპარაკობდა, ზოგი სადღაც რეკავდა, ზოგი ხმას უფრო და უფრო წევდა, რომ გამეგონა და ასე შეხმატკბილებულად იდგა ერთიანი ღრიანცელი.
ერთ-ერთმა მოწითურო კაცმა ონკანი გადაკეტა და 3-ჯერ გამიმეორა სხვადასხვა ტონალობის ხმით (სტანდარტული „სმენადაქვეითებულს ვესაუბრები, ესე იგი უნდა ვუყვირო“ სინდრომი), რომ ხვალ აუცილებლად მომეყვანა ხელოსანი. ერთი მეზობელი იატაკების მოწმენდაში დამეხმარა (ეგ ცალკე ამბავია, რით ვიღებდით წყალს – სათლით, აქანდაზით, ჯამებით...) და ასე შეხმატკბილებულად შეიქმნა ერთობა სამეზობლოსი.
ქვედა მეზობელმა ისეთი პრეტენზია წამოაყენა, რამაც დროებით ლაპარაკის უნარიც წამართვა. ჩიოდა, რომ მე მისი ლაპარაკისა და კარზე დაკაკუნების არ მესმის და როგორმე გამოვასწორო ეს „პრობლემა“...
დიახ, ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ან მწვანე ტარასთან (ბუდისტური ქალღმერთი) ვმეგობრობდე, სმენა-მხედველობას აქამდეც აღვიდგენდი, მეზობლისა თუ სხვა პირის ყოველგვარი ჩივილის გარეშე.
თან იატაკს ვწმენდდი, თან აგათას ვეძახდი. ეგ ბიზონი მაშინ ვერსად ვიპოვე და ცალკე მაგაზე მიფრიალებდა გული. როგორ შეიძლებოდა ზომიერად ფერხორციანი კატა გაპარულიყო ამდენი ადამიანის წინაშე? მაგრამ კატას რას გაუგებ?!
ცივი წყლისგან თავის დასაღწევად დივნის გადასაფარებლის ქვეშ შემძვრალა ჩემი აგათა.
მომდევნო დღეს ამაოდ ველოდი დაპირებულ ხელოსანს. პარალელურად, იმ კვირაში გამათბობელი კარმაც გაფუჭდა მერამდენედ, ვეღარც ვითვლი. ასე რომ, ისედაც გაციებულ კედლებში მჯდომარეს ნესტიანი, წყლით გაჟღენთილი იატაკიც დამემატა.
ხელოსანი რომ არ მოვიდა და მეც ამევსო მოთმინების ფიალა, დამოუკიდებლად გამოვიძახე პროფის აპლიკაციიდან ოქროსხელება ხელოსანი. კომუნიკაცია არ გაგვჭირვებია, რამაც გამაკვირვა. მოვიდა, უცებ ჩამაყენა საქმის კურსში, რა და როგორ (ტელეფონში მიწერდა) უნდა გაკეთებულიყო. სანამ მე ყავა შევთავაზე სამჯერ და ვწრიალებდი, კაცმა თვალების დახამხამებაში გამოცვალა ონკანი და მოვრჩიო. ერთმა აბეზარმა ონკანმა რამდენიმე დღე მიფოფრა ნერვები, ხოლო ჩვენ წამებში მოვაშთვეთ და ჯართის სასაფლაოს მივაბარეთ.
მოგვიანებით საძინებელ-სამუშაო ოთახში იატაკი ისე ჩაიზნიქ-ამოიზნიქა, პირადი ბატუტის მფლობელი ვიყავი. ამა წლის იანვარში შედარებით გავასწორეთ და ფეხი აღარ მისრიალებს, მაგრამ ეტყობა, რომ მძიმე ცხოვრება გამოიარა ისევე, როგორც მისმა დროებითმა პატრონმა.
კარმა ხომ ვახსენე ზემოთ? შესაძლოა გამოიცნოთ, რა შეიძლება დამართოდა. წესიერ, დემოკრატიულ, დალაგებულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ფრიად დაუჯერებელი ამბავი იქნებოდა, მაგრამ არა –საქართველოში. სწორად მიხვდით – ბოლო ჯერზე რომ შეაკეთა ხელოსანმა, გაზთან მისაერთებელი მილი იმ ზომისა დააყენა, რომელიც არ ერგებოდა – დიდი იყო. ამ შეუთავსებლობის დასაფარად კი რაღაც სხვა დეტალიც ჩააკვეხა, რის შედეგადაც ანთებული კარმა ხშირად ითიშებოდა. იმ კვირაში ბინაში უფრო მეტი ნესტი და ცივი ჰაერი ტრიალებდა, ვიდრე არქტიკაში, მაგრამ, სამაგიეროდ, მადლობელი უნდა ვყოფილიყავი – ხელოსანმა ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის უფასო კურსი მაჩუქა საკუთარ ოთახში.
ნოემბრის თავგადასავლები ამით არ დასრულებულა. ზუსტად იმ დღეებში, როცა ანალიზებზე – თმის ცვენის მიზეზების დასადგენად – ლაბორატორიაში წასვლა მომიწია, სახლის გასაღები სადღაც გაუჩინარდა. ეს კი საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, როცა უკვე შესასვლელ კართან ვიდექი.
სათადარიგო გასაღები არცერთ მატრიცაში არ არსებობდა. ჭოჭმანის შემდეგ გამოვიძახე ხელოსანი და კარის გაბურღვა დაიწყო. 1 საათი სადარბაზოში დავყიალობდი, ბოლთას ვცემდი და მეფიქრებოდა, გული საგულეში როგორ ეტევა, რატომ არ სკდება.
ხელოსანი მარტივად მიხვდებოდა, რომ სახლი ნამდვილად ჩემი იყო და ძარცვის საქმეში თანაორგანიზატორად არ მომიწვევია, რადგან შეშლილი სახით შევვარდი და აგათას დავუწყე ყვირილი.
ასე იყო ეს ამბები – კატასტროფებითა და თვითირონიით გაჟღენთილი, როგორც ლაკმუსის ქაღალდი.

საკუთარი კოდის ძიებაში – ბიუროკრატიის ანატომია
ადამიანის სხეული ხშირად იმაზე ადრე იწყებს მსხვრევას, ვიდრე ამას მისი გონება შეამჩნევს. თითქოს ყოველი გადატანილი სტრესი, ჩუმად გადაყლაპული პანიკა და ენერგიის უკანასკნელი ნარჩენებით გაკვალული გზა სადღაც ილექება, რათა მოგვიანებით სრულიად მოულოდნელ წერტილში იფეთქოს. ჩემს შემთხვევაში ეს აფეთქება გენეტიკოსის კაბინეტისკენ მიმავალი გზით დაიწყო.
თუკი ბეტონის კედლებთან, მოვარდნილ წყალსა და გაფუჭებულ კარმასთან ბრძოლა ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვდა, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ცივ, ბიუროკრატიულ მანქანასთან შეჯახება სრულიად სხვაგვარი სიმარტოვის წინაშე მაყენებდა.
სამედიცინო ამბები ამ წლის მარტში დაიწყო. პირველი ვიზიტი ოფთალმოლოგთან დავაჯავშნინე ჩემს კურსელს, ვინაიდან ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში საქმეები მეტწილად სატელეფონო ზარებით წყდება.
იქ პირველად მკითხეს, ვყოფილვარ თუ არა ოდესმე ინფექციონისტსა და რევმატოლოგთან. უარის თქმა და ექიმების ჩამონათვალის მიღება ერთდროულად მოხდა. გონებაში მხოლოდ ფინანსური გამოთვლები მიტრიალებდა და იმის გაგებას ვცდილობდი, როგორ უნდა წავსულიყავი ერთდროულად 4 ექიმთან, ჩამეტარებინა MRT და დრაკონის ხახაში ჩავმხტარიყავი.
მთავარმა ექიმმა პირდაპირაც და ირიბადაც ჩამხედა თვალებში და მითხრა, – მე ვერაფრით დაგეხმარები.
იცით, როგორი მწარე მოსასმენია ეს ექიმისგან?
თეთრი ხალათის მიღმა მჯდომ ადამიანს არაფერს ვაბრალებ, ის უბრალოდ საკუთარ უძლურებას აღიარებს. თუმცა იმ წამს მეცნიერება, თავისი ყოვლისშემძლეობის ილუზიით, შენ წინაშე იარაღს ყრის. ექიმთან ხომ მხოლოდ დაზიანებული სხეული არ მიგაქვს; მიგაქვს ქვეცნობიერი რწმენაც, რომ სადღაც მაინც არსებობს სწორი ფორმულა, რომელიც ამ ქაოსს დაალაგებს.
ხანდახან „ვერ დაგეხმარები“ ყოველგვარ სამედიცინო ვერდიქტზე მძიმეა. ის გაიძულებს გააცნობიერო, რომ შენი სხეულის ყველაზე ჩაკეტილ ლაბირინთებში სრულიად მარტო უნდა შეაბიჯო. სამყარო გიტოვებს შენს უცნობ დიაგნოზს, როგორც მძიმე, გაურკვეველ ტვირთს და კარს მიღმა გაცილებს.
ექიმის თანაშემწემ ლოყებზე ავარვარებული ცრემლები მომწმინდა და მხრებზე ხელი დამადო. მადლობა გადავუხადე და კავკასიის მედიცინის ცენტრიდან კიდევ ახალი შინაგანი ბზარით გამოვედი.
ჩემი თვალების მდგომარეობა ასეთია:
- მიოპია;
- ასტიგმატიზმი;
- ამბლიოპია, როგორც ანოპსიის შედეგი;
- მხედველობის ნერვის ატროფია.
ამ ჩამონათვალის მიღების შემდგომი ეტაპი აუდიოგრამის ჩატარება იყო ჩემთვის საძულველ კლინიკაში, კინდ სმენაში (იგივე ჯაფარიძის კლინიკა).
სისხამ დილით გავეშურეთ მე და ჩემი კურსელი, სალომე. მარტო მხოლოდ იმის გამო არ დავდივარ, რომ ეგ ადგილი მართლა მძაბავს. მარტამდე სექტემბერში ვიყავი ეკუნასთან ერთად, რა დროსაც ყურებიც გავიწმინდე და როგორც ჩემი ჯუდისგან, ისე ექიმისგანაც მივიღე დაცინვა, რადგან ყურის ცვილზე ვგიჟდები და გადაგდება დამენანა.
აუდიოლოგმა შეიცხადა, როცა გაიგო, რომ 6 თვის წინ მქონდა ჩატარებული ბოლო კვლევა და უტიფრად მკითხა, – ასე მალე რატომ მოხვედი. იმკურნალე უკვე?
მსგავსი რეპლიკა საკმარისი არ აღმოჩნდა და მის დასახმარებლად სალაროს თანამშრომელი შემოვარდა კაბინეტში და დასძინა, – კი, მაგრამ რატომ არ ატარებ აპარატებს, შენნაირი იმდენი გვყავს, ყველას ვეხმარებით და შენ რა გახდი.
საქმე ისაა, რომ სალაროს და სხვა განყოფილებების თანამშრომლების კომპეტენციას სცდება ასეთი საკითხები და პინოქიოს გრძელი ცხვირის ჩაყოფა სულაც არ არის საჭირო, არც აუცილებელი.
მომსახურების გადახდის დროს კვლავ სალაროს ადამიანთან კულტურულად მომიწია შეკამათება, რომ კუთვნილი ქვითარი მოეცა. მართლაც მომცა, ოღონდ სულ სხვა და სულ სხვისი ქვითარი, რაც დანაშაულია.
10-წუთიანი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, როგორც იქნა, მიმღებში ოფიციალურად ამობეჭდეს.
ჩემი ყურების მდგომარეობა ასეთია: სმენის ნეიროსენსორული დაკარგვა, ორმხრივი, მე-3 მძიმე, მე-4 ხარისხში გარდამავალი. სექტემბრიდან მარტამდე 5 დეციბელით დაიკლო.
ამ დროისთვის ორივე ორგანოს დიაგნოზები შეუქცევადია და მდგომარეობა უარესდება.
კომპლექსური პრობლემის გამო დამხმარე საშუალებები ვერ მეხმარება, რის გამოც ვერ ვატარებ ვერც სათვალეს, ვერც – სმენის აპარატებს.
როცა ხელში ერთდროულად გიჭირავს მხედველობის ნერვის ატროფიისა და სმენის ასეთი მძიმე ვარდნის ოფიციალური ფურცლები, ხვდები, რომ ეს მოცემულობა აღარაა ცალკეული ორგანოების ახირება, არამედ ერთიანი, უცნობი სისტემური ქაოსია, რომლის სათავეც სადღაც უფრო ღრმად, უჯრედულ დონეზე უნდა ეძებო. სწორედ ამ დოკუმენტებით დაიწყო ჩემი გზა გენეტიკოსის კაბინეტისკენ.
ყველაფერი იდეალურად დავგეგმე არჩილ მარშანიასთან ერთად, ვინც ადამიანებს ასწავლის, როგორ გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე და როგორ იმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციებში რაციონალურად და არ ირბინონ დაბნეული პინგვინებით, როცა ეს კატეგორიულად დაუშვებელია.
არჩილი ჩემი თმის ცვენის დახმარებით გავიცანი (როგორც შემატყობდით, ყველა უარყოფით ამბავში დადებით მოლეკულას ვპოულობ). რჩევა ვთხოვე, ვისთან მივსულიყავი სამკურნალოდ. მაგ დროისთვის არც ვიცოდი, რომ პირველადი დახმარების ტრენინგების გარდა, საჭირო და აუცილებელ პროდუქტსაც – სრულად ავტომატურ გარეგან დეფიბრილატორს – სთავაზობდა მომხმარებლებს.
აპრილის დასაწყისში ცხოვრებაში პირველად შევაბიჯე გენეტიკოსის კაბინეტში. უნდა აღვნიშნო, მანამდე ვფიქრობდი, რომ იქიდან გამოსული ვიტირებდი და კიდევ ერთხელ გამოვიგლოვებდი თავს, მაგრამ ასე არ მომხდარა და მიხარია.
თიკა ტყემალაძემ, ჩემმა გენეტიკოსმა, სურათი ისე დამანახა, იმედი ჩამესახა და სრულად მხიარულ განწყობაზე გამოვედი. დავსახეთ სამოქმედო გეგმა და გადაწყდა, რომ უნდა გამეკეთებინა სრული ეგზომის სეკვენირების გენეტიკური ტესტი.
სავარაუდო დიაგნოზი: აშერის სინდრომი – იშვიათი გენეტიკური პათოლოგია.
მცირე ბიუროკრატიული საკითხების მოგვარების შემდეგ ლაბორატორიიდან ჯანდაცვის სამინისტროში წავედი. შევიტანე განცხადება დაფინანსების მოთხოვნაზე და ლოდინის წამმზომი ჩაირთო.
ზუსტად ერთ კვირაში ტელეფონმა დაიზუზუნა. ეკრანს თვალი სიჩქარეში გადავავლე და პირველ წამს გული სიხარულით ამევსო – მეგონა, დამიფინანსეს. თუმცა მოკლე მესიჯის ხელახლა, ყურადღებით გადაკითხვამ იმედის ნარჩენებიც კი გააქრო. ცივი, ოფიციალური უარი ყოფილა. იმ წამს სრულიად მარტო აღმოვჩნდი შიშისა და იმედგაცრუების პირისპირ, რადგან ტესტისთვის საჭირო თანხა ჩემს არცერთ საბანკო ანგარიშზე უბრალოდ არ არსებობდა.
იმისათვის, რომ ტესტის ღირებულება – 2,900 ლარი – ამეგროვებინა, ორივე სამსახურის ორი თვის ანაზღაურება სრულად უნდა შემენახა საგულდაგულოდ და ერთი თეთრიც არ გამომეყენებინა.
ეს, რა თქმა უნდა, აბსურდულია და შეუძლებელი მათემატიკა. ორი თვე არაფერი გამომეყენებინა, ნიშნავდა, რომ უარი უნდა მეთქვა ელემენტარულ არსებობაზე: არ მეყიდა საჭმელი, არ გადამეხადა ბინის ქირა, არ დამეფარა კომუნალურები და ინტერნეტი, რომლის გარეშეც, უბრალოდ, ვეღარც ვიმუშავებდი. ნიშნავდა, რომ კატა მშიერი დამეტოვებინა და ჩემს საბანკო ვალდებულებაზეც თვალი დამეხუჭა.
ჩემი ყოველი თვე ისედაც წინასწარ არის გადანაწილებული: ერთი ანაზღაურება სრულად ქირაში მიდის, მეორე – არსებულ ფინანსურ ვალდებულებას ბანკში, ხოლო ის, რაც რჩება, მხოლოდ საარსებო მინიმუმია. ეს ვალდებულება არანაირ ფუფუნებას არ უკავშირდება; ის იმ მახინჯი სისტემის თანმდევი ნაწილია, რომელიც ელემენტარულ ყოველდღიურობას – საკვები პროდუქტებიდან დაწყებული საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებით დასრულებული – ძვირადღირებულ პრივილეგიად აქცევს, რომლის გამოსასყიდადაც ადამიანს მთელი ცხოვრების გაწირვა გიწევს.
დანებებას არ ვაპირებდი, ამიტომ განცხადება მეორედ შევიტანე და ლოდინის ახალი, დამღლელი წრე დაიწყო. კვლავაც 1 კვირის თავზე მმართველმა ნომენკლატურამ არც ამჯერად უღალატა საკუთარ თავს და იქიდანაც მორიგი, ცივი უარი მივიღე. პარალელურად მივხვდი, რომ მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ყოფნა უგუნურება იქნებოდა. საკუთარ სიამაყეს ბოქლომი დავადე და ჩემს ფეისბუქზე პოსტი დავწერე – დახმარება საჯაროდ ვითხოვე.
ადამიანების გვერდში დგომამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საჭირო თანხა რამდენიმე დღეში აგროვდა და 11 მაისს გენეტიკური ტესტი ოფიციალურად გავიკეთე. ახლა წამმზომი ისევ ჩართულია — პასუხები მხოლოდ აგვისტოში იქნება. მანამდე კი, ჩემი საკუთარი დნმ-ის კოდი ისევ გადაუჭრელ ამოცანად რჩება.

ამ მოლოდინში კიდევ უფრო მკაფიოდ ვხედავ იმ საერთო, დამანგრეველ უსამართლობას, რომელშიც მთელი ქვეყანაა ჩაძირული. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც კორუფცია და ხალხის რესურსებით გამოკვებილი, უვარგისი ხელისუფლება სრულ ნორმად იქცა. სისტემა, რომელიც მოქალაქეებზე ზრუნვისთვის უნდა არსებობდეს, მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურება, ადამიანებს კი ბედის ანაბარა ტოვებს.
ეს მოცემულობა შშმ პირისთვის ორმაგად დაუნდობელია. როცა ხელისუფლება არა თუ არ უზრუნველყოფს ადაპტირებულ სივრცეს, არამედ ფუნდამენტურ სამედიცინო საჭიროებებსაც ხელოვნურ დაბრკოლებად აქცევს, ის ღიად აცხადებს, რომ ადამიანის გადარჩენა მხოლოდ მისივე პირადი საზრუნავია. ამ რეალობაში მარტო ცხოვრება ყოველდღიურ წინააღმდეგობად იქცევა, სადაც სისტემა გვერდით დგომის ნაცვლად დამატებით მარწუხებში გამწყვდევს.
მაგრამ რა ხდება იქ, სადაც სრული სიცარიელეა? სადაც ადამიანებს არც თავზე ჭერი აქვთ, არც ელემენტარული პურის ფული და არც ხმა, რომლითაც საკუთარ უფლებებს დაიცავენ. ეს ის ქვეყანაა, სადაც გადარჩენა გამართლებას გაუტოლდა, ხოლო სახელმწიფო იქცა ყველაზე დიდ და გულგრილ კედლად.
ცხოვრება გრძელდება.
შევხვდებით მალე.
ციფრული ყავა, ანუ დონაცია
წერა ჩემთვის სასიცოცხლო მუხტია – სივრცე, სადაც არავერბალურმა კომუნიკაციამ ჩემი ყურები და თვალები ჩაანაცვლა და სრულიად სხვა ჰორიზონტები გაშალა.
თუ გსურს წვლილი შეიტანო ამ პლატფორმის არსებობაში და მხარი დაუჭირო ჩემს ყოველდღიურობას, შენი დონაცია დამეხმარება როგორც ბლოგის აქტიურად შენარჩუნებაში, ისე უბრალოდ ცხოვრებისეულ გზაზე.
კატური მადლობა! 🐈
- საქართველოს ბანკი: GE31BG0000000525718524
- თიბისი ბანკი: GE73TB7417945061100111
- ქისა: https://www.kisa.ge/donate/4yjddje7hm (თუ ანონიმურად გირჩევნია ან უცხოეთში ხარ)
მიმღები: ტერეზა გალსტიან